მთავარი » 2011 ოქტომბერი 22 » წიგნები
8:51 AM წიგნები | |
ამბროზ ბირსი ჩვენში ნაკლებდაა ცნობილი, თუმცაღა ევროპასა და ამერიკაში ძალიან სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტული და "საშინელი" მოთხრობების ავტორია.
ბირსი 1842 წლის 24 ივნისს დაიბადა ოჰაიოს შტატის პატარა სოფელში. მამამისს ცამეტი შვილი ჰყავდა და ყველას ისეთი სახელები დაარქვა, რომლებიც ა-ზე იწყებოდა: აბიგაილი, ადისონი, ალმედა, ამბროზი და ა.შ. სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ჩრდილოელების ჯარში ჩაეწერა, ინდიანის მოხალისეთა მეცხრე პოლკში მსახურობდა. 1862 წლიდან ტოპოგრაფისა და კარტოგრაფის მოვალეობებს ასრულებდა, მერე კი მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაბრუნდა არმიაში და მხოლოდ 1866 წელს დაბინავდა სან-ფრანცისკოში. იქ ბირსმა მაიორის ჩინი მიიღო და არმიიდან გათავისუფლდა. ომის შემდეგ რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, სანამ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურ კარიკატურაში იპოვიდა საკუთარ თავს - გაზეთ "ნიუზ ლეტერში" კორესპონდენტად და რედაქტორად მუშაობდა. 1871 წელს ბირსი მერი ელენ დეიზე დაქორწინდა. ერთ წელიწადში ცოლთან ერთად რედაქციის დავალებით ლონდონში გაემგზავრა. იმ დროს დიდ ბრიტანეთში ძალიან პოპულარული იყვნენ ამერიკელი მწერლები და ერთმანეთის მიყოლებით ბირსის სამი კრებული გამოსცეს. ნისლიან ალბიონზე თავისი ენაკვიმატი სტატიებისთვის მეტსახელიც კი მიიღო - "წიწაკიანი ბირსი". 1876 წელს დაბრუნდა შტატებში და გაზეთ "სანდი ეკზემინერში" დაიწყო მუშაობა. თავის "საშინელ" მოთხრობებში ბირსი მკითხველს ზაფრავდა, ომზე დაწერილ მის მოთხრობებშიც ბლომად არის საშინელი სცენები. მოგვიანებით ბირსის გავლენა ისეთმა მწერლებმა აღიარეს, როგორებიც არიან ერნესტ ჰემინგუეი და ხორხე ლუის ბორხესი. თუმცა პროფესიონალური წარმატება ბირსს არ აკმაყოფილებდა, რადგან პირად ცხოვრებაში ჰქონდა კონფლიქტი. 1889 წელს მისი უფროსი შვილი ქალის გამო დუელში მოკლეს, უმცროსი კი ნიუ-იორკში გარდაიცვალა 1901 წელს პნევმონიისგან. სამ წელიწადში ცოლმა მიატოვა და რამდენიმე თვის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. მწერალმა მძიმედ განიცადა საყვარელი ქალის გარდაცვალება. 1913 წლის ბოლოს ახალგაზრდა მწერალი აშშ-ის სამხრეთით გაემგზავრა, რომ თავისი უწინდელი ბრძოლების ადგილები მოენახულებინა. ლუიზიანიდან მექსიკაში გადავიდა, სადაც იმ დროს რევოლუცია დუღდა. პანჩო ვილიას არმიას მიმომხილველის რანგში შეუერთდა. თავისი უკანასკნელი წერილი 1913 წლის 26 დეკემბერს დაწერა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. მისი გაუჩინარების გარემოებები - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი აშშ-ის ისტორიაში - აუხსნელი დარჩა. მისი უკანასკნელი წერილის უკანასკნელი სტრიქონები იყო: "მე რაც შემეხება, აქედან ხვალ მივემგზავრები უცნობი მიმართულებით". ზოგიერთი წყარო მწერლის გარდაცვალების თარიღად 1914 წლის 11 იანვარს მიიჩნევს - ამ დღეს მოხდა ოხინაგას ორთაბრძოლა, თუმცა იმის ზუსტი მონაცემები, რომ ბირსი ამ ბრძოლაში მონაწილეობდა, არ არსებობს. ბირსის გაუჩინარებამ და საერთოდ მისმა პიროვნებამ დიდი კვალი დატოვა მის შემდგომ მოსულ მწერლებსა და მათ ნაწარმოებებზე. კარლოს ფუენტესის რომანს "ძველი გრინგო" სწორედ მწერლის გაუჩინარების გარემოებები დაედო საფუძვლად. ეს თემაა გათამაშებული ასევე ფილმში "დაისიდან აისამდე-3: ჯალათის ქალიშვილი". მის გაუჩინარებას იხსენებს ასევე ჰოვარდ ლავკრაფტი რომანში "ზღურბლთან დამდნარი", რობერტ ბლოჰს კი თავის მოთხრობაში "მიყვარს ქერათმიანი ქალები" მწერლის გაუჩინარების საკუთარი ვერსია აქვს წარმოდგენილი. ჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |